Thursday, March 25, 2010


გერგეტი, ყოფილი სოფელი ყაზბეგის რაიონში (1966 წელს შეუერთდა დაბა ყაზბეგს), მდინარე ჩხერის (თერგის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 1800 მ. აღსანიშნავია გალავნით შემოზღუდული ხუროთმოძღვრული კომპლექსი.


გერგეტი, გალავნით შემოზღუდული ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რომელშიც შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი (XIV საუკუნის 30-იანი წლები), სამრეკლო (XIV საუკუნის II ნახევარი) და საბჭეო (XV საუკუნე).

გეგმით ოთხკუთხა ტაძრის გუმბათი ეყრდნობა აფსიდის კედლებსა და თავისუფლად მდგარ 2 ბურჯს. ტაძარი ნაგებია კარგად გათლილი ანდეზიტის კვადრატებით. ფასადები და გუმბათის ყელი, აგრეთვე ორსართულიანი სამრეკლოს ფასადებიც მოჩუქურთმებულია. ტაძრის სამხრეთ კედელზე მიშენებულ მცირე ზომის საბჭეოში იკრიბებოდა უხუცესთა საბჭო, რომელიც თემის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს საკითხებს წყვეტდა. სამება ხევის უმთავრესი სალოცავი იყო. 1392 გუჯარში გერგეტის სამების მონასტერთან ერთად მოხსენიებულია "არაგუზე ციხე გერგეტაული". ვახუშტი სამების ეკლესიას მიიჩნევს მცხეთის საკათალიკოსოს სამკაულთა და წმ. ნინოს ჯვრის სახიზარ ადგილად.