ქუთაისი


                               გ ე ლ ა თ ი
გელათის მონასტერი

 


 
 გელათის მონასტერი - ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.



გელათის აკადემია

  გელათის აკადემია, ქართული სამეცნიერო-პედაგოგიური და კულტურულ-საგანმანათლებლო კერა. დაარსდა 1106 წელს გელათის მონასტერთან დავით აღმაშენებლის ინიციატივიტა და ხელშეწყობით. დავითმა გელათის აკადემიაში სამოღვაწოდ შეკრიბა სწავლული ქართველები, რომელთა შორის იყვნენ იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი. თანამედროვენი გელათის აკადემიას "ასუად ათინად", "აღმოსავლეთის მეორე იერუსალიმად" იხსენიებდნენ. აკადემიის სატავეში იდგა მოძღვართ-მოძღვარი. სასწავლო პროგრამა ძირითადად ტრივიუმის (გეომეტრია - "ქვეყნის საზომლოჲ", "არითმეტიკა" - "რიცხუნი", მუსიკა - "სამოსოჲ") და კვადრიუმის (ფილოსოფია სამი სახის - "საქმეთი, მხედველობითი და განმსიტყუელობითი", რიტორიკა სამი სახის - "თანამზრახველობისა, მეპაექრობისა და დღესასწაულობისა", გრამატიკა და ასტრონომია - "ვარსკვლავთმრიცხველობაჲ") ციკლის საგანთა შესწავლას ითვალისწინებდა.

გელათის აკადემიაში არსენ იყალთოელს სჯულისკანონი, იოანე პეტრიწს - ნემესიოს ემესელის თხზულება "ბუნებისათჳს კაცისა". განსაკუთრებით აღსანიშნავია ბერძნული ენიდან თარგმნილი იოანე ქსიფილინოსის ჰაგიოგრაფიული კრებული, რომლის ორიგინალი დაკარგულია. სამეცნიერო-მთარგმნელობითი მოღვაწეობა გელათის აკადემიაში მომდევნო საუკუნეებშიც არ შეწყვეტილა, თუმცა საგრძნობლად შენელდა. XIII საუკუნეში აქ მოღვაწეობდნენ ჰიმნოგრაფი არსენ ბულმაისიმისძე, ფილოსოფოსი და რიტორი პეტრე გელათელი. XIV საუკუნეში გელათში შეიქმნა მნიშვნელოვანი იურიდიული ძეგლი "გარიგება ჴელმწიფის კარისა" და საისტორიო წყარო "გელათური ქორონიკონი".


გელათის საეპისკოპოსო
გელათის საეპისკოპოსო, ერთ-ერთი დიდი ეპარქია ფეოდალურ საქართველოში. დააარსა იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ XVI საუკუნის 20-იან წლებში მოიცავდა ტერიტორიას ქუთაისიდან, მდ. რიონიდან, მდ. ყვირილის გადაღმა კაცხამდე. ხრეითიდან რაჭის მთამდე და ოკრიბას. გელათის ეპისკოპოსი (გენათელი) მეფის რწმუნებულად ითვლებოდა გელათის მონასტერში. კათოლიკოს ევდემონ ჩხეტიძის დროს (1557-1578) დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათის მონასტერში გადმოიტანეს. კათოლიკოსს საკუთრებად გადაეცა წმ. გიორგის ეკლესია. XIX საუკუნის 20-იან წლებში გელათის საეპისკოპოსო გაუქმდა და იმერეთის საეპისკოპოსოში შევიდა.

გელათის მოზაიკა
   გელათის მოზაიკა, ქართული კედლის მხატვრობის ძეგლი (1125-1130), ამკობს გელათის ტაძრის საკურთხევლის აფსიდის კონქს. ძირითადად კარგად არის შენახული, დაზიანებულია მხოლოდ კომპოზიციის ქვედა ნაწილი. ჩამოცვენილი კენჭების ადგილი მოხატულია XVI საუკუნეში. მოზაიკისა და ტაძრის ფრესკების ამგვარი შერწყმა საქართველოში სხვაგან არსად არ გვხვდება. კომპოზიციის ცენტრში გამოსახულია ფეხზე მდგომი ღვთისმშობელი ჩვილით ხელში, აქეთ-იქით მთავარანგელოზები - გაბრიელი და მიქელი უდგანან, საკოსი და ლორონი აცვიათ, ცალ ხელში სფერო უჭირავთ, მეორეში - ლაბარუმი. ფიგურები გამოსახულია ოქროსფერ ფონზე. ღვთისმშობელს ჯვრებით დამშვენებული მუქი ლურჯი მაფორიუმი აცვია. სამოსის ნაოჭები მოშავო-ლურჯი ფერისაა და მუქი ტონები რბილად გადადის განათებული ნაწილებისაკენ. სახის კონტური მწვანე კენჭებით არის შემოწყობილი. წარბებისა და ცხვირის ჩრდილები ნუშის ფერია, წარბები და თვალის ჭრილი - შავი, მწვანე და რუხი კენჭებითაა შემოწერილი. ჩვილს ოქროს ქიტონი აცვია, ნაოჭები შესრულებულია აგურისფერი კენჭებით, ჰიმატიონიც ოქროსფერია. მისი სახე ღვთისმშობლის სახეზე უფრო მუქია, რაც კონტრასტს ქმნის ბრწყინვალე სამოსთან და მკავრ იერს ანიჭებს ჩვილს. მიქელ მთავარანგელოზს აცვია მწახე მწვანე ფერის საკოსი და ფერადი ქვებით მორთული, მდიდრულად მოქარგული ლორონი. გაბრიელ მთავარანგელოზის ტანსაცმელი შედარებით ერთფეროვანია. მჭიდროდ მოწყობილი ფერადი სმალტისა და ადგილობრივი კირქვის სხვადასხვა ზომის ოთხკუთხი კენჭებით. კომპოზიციის ყველა დეტალი, პლასტიკურიც და ფერადოვანიც გულმოდგინედ არის მოფიქრებული. გელათის მოზაიკა დავით აღმაშენებლის ეპოქის მონუმტური ხელოვნების მაღალმხატვრული, დახვეწილი გემოვნებითა და ვირტუოზული ტექნიკით შესრულებული ნაწარმოებია.