კავკასიონს, გომბორის ქედსა და გარეკახეთის ზეგანს შორის მდებარე ველს, რომელსაც დღეს ალაზნის ველი ეწოდება, ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ძველად თურმე ალონი ერქვა. „ველი, ალონად წოდებული“ ოდითგანვე კახეთის სამეფოს ნაწილი ყოფილა და კახეთის უდიდეს მდინარეს ალაზანსაც სახელი მისგან მიუღია.
„ალაზნის დასავლეთით არს ალავერდი, კახეთის მთის კალთის ველსა ზედა, დიდშენი, ზღუდე-პალატებიანი, გუმბათიანი, რომელმან მოიგო სახელი ალონის გამო, რომელ არს ალონგუერდი“, - წერდა ვახუშტი ბატონიშვილი. მისი აზრით, სახელი ალონგუერდი დროთა განმავლობაში ალავერდად ქცეულა.
ალავერდის ტაძარი XIX საუკუნის მიწურულს
„ალავერდი“ თურქულ-არაბული წარმოშობის სიტყვაა და „ღვთისგან ნაბოძებს“ ნიშნავს. ეს ცნება ნაყოფიერებასა და მოსავალთან იყო დაკავშირებული, ამიტომ იმ ქვეყნებში, სადაც უმთავრესად მიწათმოქმედებას მისდევდნენ (მათ შორის საქართველოსა და სომხეთში), ეს სახელი დღესაც ჰქვია რამდენიმე დასახლებულ ადგილს. მათ შორისაა კახეთში, ალაზნის ველზე, მდებარე სოფელიც. სხვა მეცნიერთა ვერსიით, სწორედ მან მისცა სახელი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქართულ მართლმადიდებლურ ცენტს - ალავერდის სამონასტრო კომპლექსს.
VI საუკუნეში წმინდა იოანე ზედაზნელის კურთხევით ერთ-ერთი ასურელი მამა, იოსები, კახეთის სხვადასხვა კუთხეში ქადაგებდა. ბოლოს იგი სოფელ ალავერდის ახლოს დაემკვიდრა. ერთხელ თურმე წმინდა მამა სანადიროდ გამოსულ კახელ თავადს შეხვდა და ღვთის სიტყვა უქადაგა. ქრისტეს სჯულს ნაზიარები დიდებულის დახმარებით მამა იოსებს წმინდა გიორგის სახელზე პატარა ეკლესია აუშენებია. წმინდა მამასთან სიახლოვის სურვილით აქ ბევრი მორწმუნე დასახლებულა. როცა ამბა იოსებ ალავერდელი გარდაიცვალა, მოწაფეებმა იგი მის მიერვე აშენებულ ტაძარში დაკრძალეს. დროთა განმავლობაში აქ მნიშვნელოვანი სამონასტრო ცენტრი ჩამოყალიბდა.
X საუკუნეში დაწყებულ ქართულ სამთავროთა გაერთიანების ძირითადი ღერძი მართლმადიდებლობა იყო. ამ დროს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში თითქმის ერთდროულად დაიწყო დიდი საკათედრო ტაძრების მშენებლობა. X-XI საუკუნეების მიჯნაზე, 50 წლის განმავლობაში, აიგო ბედიის ტაძარი აფხაზეთში, ბაგრატის ტაძარი - ქუთაისში, სვეტიცხოველი - მცხეთაში, ოშკი - ტაო-კლარჯეთში და ალავერდის ახალი დიდი ტაძარი - კახეთში.
ალავერდის ახალი საკათედრო ტაძარი იოსებ ალავერდელის პატარა ეკლესიის ადგილას კვირიკე კახთა მეფეს XI საუკუნის დასაწყისში აუგია. ალავერდი იმთავითვე კახეთის მთავარ სალოცავად იქცა. ამავე პერიოდში აქ შეიქმნა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეპარქია საქართველოში. მასში შედიოდა ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, მერე, კაკაბეთი, ვარდისუბანი, არბუხი, ღანუხი, ჩიბინიანი, ალავერდული, ახატელი, იყალთო, აწყვერი, თიანეთი, კისისხევი, უტო, კონდოლი, წინანდალი, ველისციხე. კახეთის შემოერთების შემდეგ დავით აღმაშენებელმა ალავერდის საეპისკოპოსო სრულიად საქართველოს ერთიან ეკლესიას დაუქვემდებარა. ალავერდის საყმო მამულთა უმრავლესობა ტაძრის ირგვლივ მდებარეობდა, ნაწილი კი სხვადასხვა სოფლებში იყო მიმოფანტული. ალავერდელი ეპისკოპოსები მონასტრის წინამძღვრადაც ითვლებოდნენ და ამიტომ ამბას წოდებასაც ატარებდნენ. XVI საუკუნიდან ალავერდელმა ეპისკოპოსებმა მიტროპოლიტის ტიტული მიიღეს.
ალავერდის ტაძარი მრავალჯერ დაზიანდა მომხდურთაგან. მისი პირველი დიდი რესტავრაცია ალექსანდრე კახთა მეფის დროს, XV საუკუნეში, მომხდარა. ამ დროს თავიდან აუშენებიათ ჩამოქცეული გუმბათის ყელი და კედლების ნაწილები. თავდაპირველად ტაძარი უფრო დაბალი ყოფილა, აღმდგენელ ხუროთმოძღვარს კი მისი ეპოქისათვის დამახასიათებელი მაღალი გუმბათი დაუშენებია, რის გამოც ალავერდის ტაძარი ყველაზე მაღალი ნაგებობა გახდა საქართველოში (მისი სიმაღლე 50 მეტრია). მეფე ალექსანდრეს ტაძრისათვის უხვად შეუწირავს ყმები და მამულები.
1616 წელს ალავერდი დაარბია შაჰ-აბას I-მა. შაჰ-აბას II-ის მიერ ჩამოსახლებულმა თურქმანთა მომთაბარე ტომებმა კი მისი მამულები საძოვრებად გადააქციეს. 1659 წლის აჯანყების შემდეგ კახეთი თურქმანებისგან გათავისუფლდა, მაგრამ ზიანი იმდენად დიდი იყო, რომ საეპისკოპოსო მხოლოდ საუკუნის ბოლოს აღდგა. ამის შემდეგ ტაძარი ჯერ ლეკებმა დაარბიეს, ხოლო 1735 წელს კი თამაზ-ხანმა ააოხრა.
1742 წელს „მოხედა რისხუამან და შეიძრა ქუეყანა, და დაირღვა და შეიმუსრა ალავერდის ეკლესია“. მიწისძვრით დაზიანებული ტაძრის აღდგენა თეიმურაზ II-ის მეუღლეს, დედოფალ თამარს დაუწყია და მათ შვილს, ერეკლე II-ს დაუმთავრებია. ამავე დროს მომხდურთაგან დასაცავად ალავერდის ტაძარს ქვის გალავანი შემოარტყეს.
ტაძრის ინტერიერი
ალავერდის კომპლექსი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებისაგან შედგება. აქ იყო ეპისკოპოსის სასახლე, სატრაპეზო, სამრეკლო, მარანი, აბანო და სხვ. აქვეა 1615 წელს აშენებული ფეიქარ-ხანის აგურის სასახლე.
ხანძრებმა და მიწისძვრებმა დააზიანა ალავერდის ძველთაძველი მოხატულობა. ამ მიზეზით XIX საუკუნეში ეგზარქოსმა ევგენიმ კირით შეათეთრებინა ტაძრის გადარჩენილი ფრესკების დიდი ნაწილი.
თავდაპირველად ტაძარი სამიარუსიანი ყოფილა. სამი მხრიდან მას თაღებიანი ღია გალერეა ერტყა და სამი შესასვლელი ჰქონდა, მაგრამ XIX საუკუნის დასაწყისში გალერეა დაუნგრევიათ, ხოლო ჩრდილოეთის კარიბჭე ამოუშენებიათ.
ალავერდის ტაძარი XI საუკუნიდან კახეთის მეფეთა საძვალეა. იმდენად მყარი გახდა ეს ტრადიცია, რომ როცა ალექსანდრე II-ის შვილმა კონსტანტინემ შაჰ-აბასის ბრძანებით საკუთარი მამა და ძმა დახოცა, მათი თავმოკვეთილი ცხედრები ალავერდის ტაძარში დააკრძალვინა. აჯანყების დროს მოკლული კონსტანტინეც ქეთევან დედოფლის ბრძანებით ალავერდის ტაძარში დაკრძალეს, ავგუსტინელი ბერების მიერ ჩამოტანილი წამებით მოკლული ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები კი თეიმურაზ I-ის ბრძანებით ალავერდის ტაძრის საკურთხევლის ქვეშ დაასვენეს.
თავდაპირველად ალავერდი მამათა მონასტერი იყო, XVIII საუკუნეში კი აქ დედათა მონასტერი დაარსდა, სადაც მონაზვნად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. ალავერდი საგანმანათლებლო და სამწიგნობრო საქმიანობის მძლავრი კერაც იყო. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ ქართველი მწერლები და კალიგრაფები, მათ შორის ფილიპე ალავერდელი, ზებედე მთავარეპისკოპოსი, ნიკიფორე ირბახი (ჩოლოყაშვილი), მარიამ-მაკრინე ბაგრატიონი, კირიონ II და სხვ.
ალავერდის ტაძრის დღეობა, ალავერდობა, 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე იწყება. ეს უძველესი ტრადიცია მოსავლის აღება-დაბინავებასთანაა დაკავშირებული და ტაძრის დამაარსებლის, იოსებ ალავერდელის, სახელზე იმართება. ალავერდობაზე ღამის თევით მოდიან მლოცველები გარეკახეთიდან, ქიზიყიდან, ერწო-თიანეთიდან, ფშავ-ხევსურეთიდან, თუშეთიდან, ქისტეთიდან, დაღესტნიდან. ძველად დღესასწაული სამი კვირა გრძელდებოდა.